წყარო: kutaisipost.ge
ვანის მეორე საჯარო სკოლაში რეკონსტრუქცია იგეგმება. სამსართულიანი შენობა 55 წლის წინ აშენდა. სკოლაში, სადაც 383 მოსწავლე სწავლობს საკლასო ოთახები ამორტიზებულია, ჭერი და კედლები ჩამონგრეული და ჩავარდნილია იატაკი. მწყობრიდან არის გამოსული სასკოლო ინვენტარიც.
“სკოლა გახდება ახალი სტანდარტის მქონე, 21-ე საუკუნეზე მორგებული და ბავშვი ხალისით მოვა, სწავლა იქნება სახალისო პროცესი და არა რუტინა”, – ამბობს ვანის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი.
ვანში სკოლის რეკონსტრუქციას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი განახორციელებს. ამ სკოლის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით საქართველოს კიდევ 90 საჯარო სკოლაში განხორციელდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 54 მილიონი ამერიკული დოლარია განსაზღვრული. საჯარო სკოლები აღნიშნული ფონდის მიერ დაქირავებული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ შეირჩა.
პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში 140 სახის ახალი დანადგარი განთავსდება. რაც შეეხება, ინვენტარს მასზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იზრუნებენ. პროექტი სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყება მთელს საქართველოში, დაახლოებით 6-დან 9 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ სკოლებს რეკონსტრუქცია. სკოლები ევროპული სტანდარტის იქნება.